პოეტი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
«თან შეძრული ვარ და თან ძლიერი. თან ცრემლიანი და თან ღიმილით. გახსოვთ მარიამ ბარდაველიძე? გოგონა, რომელიც ათიოდ დღეში ლეიკემიამ იმსხვერპლა, გოგონა, რომელიც ვეცადეთ და ვერაფრით გადავარჩინეთ, გოგონა, რომლის შველასაც დედამისი მისი სიცოცხლის ბოლო დღესაც მეხვეწებოდა. მე — ვერაფრისმქნელს. ჰოდა, მას მერე დედასთან შეხმიანება ვერ შევძელი. ვაღიარებ — ძალა არ მეყო. ამასწინ, მოულოდნელად თვითონ გამომიგზავნა მარიამის საოცარი ჩანაწერები. იქაც დავიბენი. მხოლოდ ორი სიტყვა ამოვეღერღე. და აი, გუშინ, ქალბატონი აზა, ადამიანი სოფელ ბარდუბნიდან, მწერს — მარიამის გადასარჩენად რომ ფული შევაგროვეთ, ცოტა არ არის და ნაწილს თქვენ გადმოგირიცხავთო. თქვენს ფონდსო. ახალგაზრდების განათლებას მოახმარეთო. ასე მტკიცედ, ცრემლდამალულად. მომწერა ქალმა, რომელსაც თვეების წინ ქმარი დაეღუპა, ახლა გოგონა. ქალმა რომელიც სოფელში ცხოვრობს და ორი შვილი კიდევ ჰყავს და ძალიან დიდხანს ეყოლება. ქალმა, რომელსაც ძალიან სჭირდება ფული. გინდ სადღეგრძელოდ მოგესმეთ, გინდ ბრაზად, გინდ სასოწარკვეთად — ეს უფრო იმედის სიტყვებია — აზა მემანიშვილის მხრებზე დგას საქართველო, ადამიანის ჩრდილიდან და არა ჩვენი, ეკრანებიდან თუ სოციალური ქსელებიდან რომ ერთმანეთს ვეტოლებით, ვეპრანჭებით ან ვლანძღავთ. აზა მემანიშვილის მხრებმა ატარეს აქამდე და აწიც ასე იქნება. ასე მოსჩანს. ჩვენ, ცხადია, ამ ფულს არ ავიღებთ. ახლა მოვიკრიბე ძალა და ველაპარაკე ქალბატონ აზას, ქალს რომლის ხმა ძლივს მესმოდა, მაგრამ ყველაზე ცხადი ხმა იყო, რაც მსმენია. ასეთი რამ დავგეგმეთ — სოფელ ბარდუბნის სკოლაში თანამედროვე ბიბლიოთეკას გავაკეთებთ. თურმე მარიამიც ახალ წიგნებზე ოცნებობდა. და ეს ბიბლიოთეკა მარიამის სახელობის იქნება. ისეთივე, როგორც ივლიტასი გავაკეთეთ ჩოხატაურში. ეს არის მხოლოდ, რაც შეგვიძლია.»