უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერი, დავით მარტიაშვილი მზადაა სასამართლოში დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში.
GHN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში დავით მარტიაშვილი არ მალავს, რომ მისი განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ფილმმა „ჰეროკრატია“, რომელიც გოგა ხაინდრავამ გადაიღო.
ამჟამად მარტიაშვილი ბატალიონ „დონბას-უკრაინას“ მებრძოლია და საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან, მისი თქმით, ახლახანს მიღებული კანონის შესაბამისად აეროპორტშივე დააკავებენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის.
დავით მარტიაშვილი: უკრაინაში მესამე წელია ვარ. ჯერ ქართული დანაყოფის ხელმძღვანელი ვიყავი. ახლა უკრაინულ ბატალიონში ვარ. აფხაზეთის ომის დროს გვარდიის მეშვიდე ბატალიონის მეთაურად ვმსახურობდი. დანამდვილებით ვიცი, რომ აფხაზეთში ნაყაჩაღარის 30% გოგა ხაინდრავასი იყო. საცოდაობაა, რომ საქართველოში დემოკრატია იმის სასწავლებელი გახდა, ვინც შეთავსებით ხან რეჟისორია, ხან მძარცველი, ხან სახელმწიფო მინისტრი. თუმცა, მე მზად ვარ ხაინდრავას მისი საქმიანობა შევახსენო 1992 წელს – აფხაზეთში, რაც ძალიან კარგად მახსოვს. ეს საქმიანობა მიმართული იყო სოხუმის ჩაბარებისკენ.
წყარო: gmtv.ge