ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას კითხვით მიმართავს:
«10 შეკითხვა საქართველოს მთავრობას კორონაკრიზისთან დაკავშირებით:
1. ვის ჯიბეში წავიდა ხელისუფლების მიერ ნასესხები 10 მილიარდი ლარი, რომლის გადახდაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უწევს და რამდენი ლარი მიიღო თითოეულმა ოჯახმა 10 000 ლარიანი სესხიდან, რომელიც გახარიამ ამ ოჯახების სახელით აიღო?
2. რა გააკეთეთ იმისთვის, რომ სასწავლო წელი ბავშვებისთვის თანაბარ პირობებში დაწყებულიყო? თუნდაც იმისთვის რომ ბავშვებს ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდეთ?
3. თუ თბილისის მერია აფინანსებს სამდღიან კონცერტს, სადაც კოვიდინფიცირების მაღალი რისკია, მაშინ რატომ ხურავთ ბარებსა და რესტორნებს, რატომ ანადგურებთ მცირე ბიზნესს?
4. რატომ შემოუშვით უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მყოფი ოკუპანტი ქვეყნიდან 56 000 რუსი ტურისტი კარანტინის გავლის გარეშე, მაშინ როდესაც საკუთარ მოქალაქეებს მკაცრად უდგებოდით?!
5. რატომ არ შეიძლება 50 კაციანი ქორწილის გადახდა მაშინ, როდესაც დენდროპარკის სანახავად ათასობით ადამიანი თქვენივე დაწესებული რეგულაციების დარღვევით ჩაგყავთ?
6. რატომ ხარჯავთ მილიონებს კაბინეტების რემონტსა და ფუფუნების საგნების შეძენაში მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა თავზე გვენგრევა?
7. ამირან გამყრელიძე — 12 მარტი — 2000 სასუნთქი აპარატი;
ეკატერინე ტიკარაძე — 17 მარტი — 150 სასუნთქი აპარატი;
ამირან გამყრელიძე — 18 მარტი — 1946 სასუნთქი აპარატი;
ნინა კობახიძე — 19 მარტი — 2000 სასუნთქი აპარატი;
ეკატერინე ტიკარაძე — 6 აპრილი — 700 სასუნთქი აპარატი;
თამარ გაბუნია — 14 სექტემბერი — 2200 სასუნთქი აპარატი;
და მაინც, რამდენია?
8. რატომ აქციეთ საკარანტინო ზონებად მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთა მფლობელებიც ქართულ ოცნებას ფულს უხდიან?
9. როდესაც ეკონომიკის ჩამოშლის ხარჯზე ყველაფერი დახურეთ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები კარანტინში გამოკეტეთ, მაშინ საიდან გავრცელდა ვირუსი? — ანუ ეკონომიკაც ჩამოიშალა და ვირუსი მაინც გავრცელდა? ეკონომიკა რატომ დავანგრიეთ?
10. რატომ არ შეამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო ამ ხარჯების მინიმიმ 1.5 მილიარდი ლარით შემცირება?» — წერს ბოტკოველი.