ანალიტიკაპუბლიკაციები

გზა სასაფლაომდე

წინასწარმეტყველება რომანიდან ,,ქართველების ექვსი ვნება“ (,,სიესტა“, 2019): ,,ყველაზე საშინელი ამ მომაბეზრებელ სვლაში ის იყო, რომ გლოვა არ სრულდებოდა. უფსკრულისკენ გზა საუკუნეებს ითვლიდა და მას ბოლო არ უჩანდა. მესაფლავეები დაიქანცნენ, რეკვიემის მელოდია კი არ წყდებოდა. სამგლოვიარო ორატორია საუკუნეებში გრძელდებოდა და სულ ისმოდა და ისმოდა…
ზოგიერთი ამ მოვლენას დადებითადაც კი აფასებდა და მასში ერის თანდათან ვირთხებად გარდაქმნის პერსპექტივას ჭვრეტდა – მათი წინასწარმეტყველებით ერის გადარჩენის ერთადერთი გარანტია ეს იყო.
უფსკრული თითქოს გამოჩნდებოდა, მგლოვიარენი ბოლოს და ბოლოს ხრამში გადაჩეხვის მოლოდინით ხარობდნენ და… ეს ოხერი ნაპრალი ისევ უკან იწვედა და სადღაც უჩინარდებოდა. გადაღლილ ადამიანებს კვლავ წვიმასა და ტალახში სვლა უწევდათ.
…ყვებოდნენ რომ, ზოგმა უფსკრულსაც მიაღწია – მათ წმინდანებს უწოდებდნენ. თუმცა, როგორც სულ ერთი-ორი შემორჩენილი განდეგილი ამტკიცებდა, უფსკრულამდე მისულებიც და შემდეგ გადაცვენილებიც მუდმივი ვარდნის პროცესში იყვნენ და ფსკერს ვერ აღწევდნენ. მათ დაუსრულებელი ვარდნისგან გულები უსკდებოდათ და მკვდარი წმინდანები შავ უსასრულობაში მიექანებოდნენ“…
დღეს საბოლოოდ დამტკიცდა – ტყუილსა და სიყალბეში ხანგრძლივი ცხოვრება იწვევს ადამიანთა სიკვდილს. ჩვენ ამ გვამთა სავანემდე თანდათან, ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მივდიოდით…
პრინციპში, კარგად რომ დაუკვირდე, ყველაფერი არც ისე ცუდადაა… აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს რაკეტებს უშენენ, ჩვენთან ომი მაინც არ მიმდინარეობს…

Loading…

ისე, რა მაგის პასუხია და… როდესაც გვერდიდან, განყენებულად უყურებ ამ სასაკლაოს, ხვდები, რა ველურობაა ომი 21 საუკუნეში… და მეომართა სიამაყით სავსე ღიმილი…
მოკლედ, ჩვენში მშვიდობაა, მაგრამ გვამების რაოდენობა მაინც არ იკლებს. საქმე იმაშია, რომ მკვდრები არც იმჩნევენ, რომ დიდი ხნის გარდაცვლილები არიან და სხვა გვამები სძულთ. ცუდი კიდევ ისაა, რომ ელიტურ მკვდრებს, რატომღაც ბევრი საკვები და ფუფუნების საგნები სჭირდებათ. ასე ყოფილა – რაც უფრო მკვდარი ხარ, მით მეტი გინდა…
პოლიტიკა – მრავალი წლის გახრწნილი გვამები და გამპრავებელთა მძორები, რომლებიც მკვდარი პოლიტიკოსების გაცოცხლების ილუზიას ჰქმნიან;
ეკონომიკა – მინდა, რაღაც მკვდარზე უარესი მოვიფიქრო და არ გამომდის…
კულტურა – კუტოკურ ჭაობში იხრჩობა…
სამართალი – შთამომავლობითი ლეში;
სამაგიეროდ, ,,სუსი“ და პოლიცია – ფხიზლობს!.. მართალია, ცალმხრივად, ხელისუფლების სამსახურში, მაგრამ მაინც…
ხალხი – გაჭირვებასა და უიმედობისგან გახევებული მუმიები…
რომ უნდა ისე, ამ პოლიტიკური მარაზმის გამო, კოვიდისთვისაც ვერ მოვიცალეთ. არადა ვურუსისგან დაცვის უებარი საშუალება არა ნიღაბია და ხელის ბანა, არამედ ძილი – ვისაც მუდამ სძინავს, გარანტირებულად არაფერი არ ემართება!.. ძილიც ხომ სიკვდილის ერთგვარი სახეა. მეც ძილით ვიცავ თავს… სიზმარიც ერთი მაქვს:
ანგელოზთა დასი: ,,მკვდარი დედები, მკვდარი მამები,
გარშემო ხრწნა და შვილთა გვამები“
ლაზარე: ,,ღმერთო, სად ხარ?..“

ზურა ოდილავაძე

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ზელენსკი — ზურაბიშვილი — რომელია თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო?!

Joni Kvaracxelia

ერთადერთი თხოვნა აქვთ — »ღირსეულად დახვდით ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს და არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა»

Joni Kvaracxelia

დღეს წმ. ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა. გილოცავთ ქრისტიანნო

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი