გერმანიის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველო 7 ოქტომბრიდან ახალი კორონა ვირუსის მქონე მაღალი რისკის ქვეყნების სიაში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტს განუცხადეს.
გერმანიის გადაწყვეტილებით, პირი რომელსაც სურს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლა და ნამყოფია ბოლო 14 დღის განმავლობაში რისკის ჯგუფში მყოფ ქვეყანაში, უნდა გაიკეთოს კორონა-ვირუსის სავალდებულო ტესტი და ასევე შესაძლებელია მოთავსდეს სპეციალურ საკარანტინო პირობებში, რაც უკვე კონკრეტული ფედერაციული ერთეულის – მიწის (Land) გადასაწყვეტია.
რისკის ჯგუფების კლასიფიკაცია დამოკიდებულია გერმანიის საგარეო საქმეთა, ჯანმრთელობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ ერთობლივ ანალიზსა და გადაწყვეტილების მიღებაზე. თავის მხრივ, კლასიფიკაცია ემყარება ორ-ეტაპიან პროცედურას. თავდაპირველად დგინდება, თუ რომელ ქვეყანაში იყო 50-ზე მეტი ახალი შემთხვევა თითოეულ 100.000 მოსახლეზე უკანასკნელი შვიდი დღის მანძილზე. მეორე ეტაპზე კი თვისებრივი კრიტერიუმით დგინდება კონკრეტული ქვეყანა თუ რეგიონი, რომელიც შეიძლება ჩამოცდეს ამ დადგენილ ზღვარს, თუმცა, ამის მიუხედავად კვლავ რჩებოდეს ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი. კრიტერიუმების დადგენა ხდება გერმანიის საგარეო უწყებების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების (ლოკალურია თუ ფართო მასშტაბიანი), დატესტვის შესაძლებლობებისა და უკვე დატესტილი პაციენტების ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებული რიცხვის მეშვეობით.