ანალიტიკაპუბლიკაციები

გამარჯობა, საქართველო!

კარანტინიდან…

ჩვენი პორტალის წყალობით ჩემი წიგნი „ისრაელი — ჩემი გადამრჩენელი“ … ძალებს იკრებს და ვხვდები რომ მხოლოდ ჩემთვის არ ვწერ…
მადლობა ამისთვის…
ცხოვრება ყველასთვის რეპეტიციებისა და გამეორებების გარეშე მიდის და ამას ვერაფერს ვუზამთ. თუ სხვა დროს რაღაც სხვა იყო, ამჟამად კორონავირუსი იმის მიუხედავად — მითია თუ სინამდვილე ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრებას აკორექტირებს და საკუთარ სურვილებს გვიქვემდებარებს.
მარტის თვეში სამსახურში ანგარიში უნდა გამესწორებინა. საპენსიოდ ყოველთვიურად შეტანილი ასი დოლარის ექვივალენტიდან, სოცანარიცხებიდან და კიდევ სხვა ანგარიშებიდან ოცდათხუთხმეტი პროცენტს იტოვებდნენ, სხვა მიბრუნდებოდა. ადგილობრივი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ჩემთვის მოსაცემ თანხის ანგარიშზე ჩარიცხვას დაახლოებით თვემდე დასჭირდებოდა და ველოდებოდი… და 15 მარტს უცაბედად ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეში ისე სასწრაფოდ დაგვატოვებინეს მკვდარი ზღვის ტერიტორია,სასტუმრო მუშაობას როდის განაახლებდა, ისიც ვერ გვითხრეს, ერთ მომცრო ზურგჩანთაში ჩაეტია ჩემი ავლადიდება და ორიოდე საათში თელავივში ჩემს ასევე უმუშევარ მეგობრებთან ვიჯექი და დამსაქმებლებთან რიგრიგობით ვრეკავდი… 16 მარტიდან „ტოიოტას“ ცენტრის ოფისში მოვეწყვე სამუშაოდ და თითქოს ბედს არ ვემდუროდი… მაგრამ კარანტინის გამკაცრება გამოცხადდა: ავტობუსების მოძრაობას სრულიად წყვეტდნენ და ფაქტის წინაშე ვდგებოდი, თელავივის ცენტრში „ჩემი ოფისიც“ დაიხურებოდა.
და უცებ ჩემი უფროსისგან ტელეფონის ზარი გაისმა: კატრინ, ტერიტორიულად იერუსალიმში ჩვენი სასტუმროების ქსელის ერთ-ერთში — „კარატინის ზონა“ იხსნება. მუშახელი ძალიან გვიჭირს. იქ წასვლა და მუშაობა გთხოვა უფროსმა … და როგორც ყოველთვის უცერემონიოდ: როდის წახვალ? — როდის არის საჭირო? — მეც ასევე უცერემონიოდ შეკითხვას ვუბრუნებ. დილის შვიდ საათზე იერუსალიმში ამადაამ მისამართზე უნდა იყო — გელოდებიან. — ვიქნები! — და მორჩა „ბაზარი“. ჩვენს ახლობლებს უკვე სამუშაო აღარ ჰქონდათ და ბევრს თავის სარჩენად ფულს შინიდან უგზავნიდნენ. ადგილობრივები „კარანტინში“ მუშაობაზე სასტიკ უარს აცხადებდნენ…
სასტუმრო „პრაიმ-კლუბში“ ჩემი მისვლა ახლობლის გამოჩენის ტოლფასი იყო. ლამის გულში ჩამიკრეს და სულ მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ მუშაობას შევუდექით… ეს არ იყო ძნელი სამუშაო. ისრაელში ასე იოლი სამსახური ბევრს როდი ჰქონია, მაგრამ სიცოცხლისთვის სარისკოდ მიიჩნეოდა. ეს იმ დღეებში, თორემ შემდეგ იცოცხლეთ, კონკურსი დადგა და ვინ ვის ასწრებდა განცხადების გაკეთებას — გვამუშავეთო… ერთი თვის თავზე პირადად ქვეყნის პრემიერმისნისტრის მიერ ჩვენთვის განკუთვნილი თანხა დამატებით გადმოგვცეს… თვენახევარი ისე ვიმუშავე ჩემი უახლოესი ადამიანების პირველად გაიგებენ ამის შესახებ… შემდეგ ისევ განვაახლე მუშაობა ჩემს სამსახურში ისე, რომ დამსვნებლები არ იყო. როგორც „დამსახურებულებს“ და „გამონაკლისებს“ — ორ ადამიანს საათები გამოგვიყვეს და გვამუშავეს… მალე ანგარიშიც გამისწორეს… მოკლედ „კორონა“ ისრაელში ჩემთვის იმით დამთავრდა, რომ სტამბულში ჩაფრენილმა, ტრაბზონის გავლით საქართველოს საზღვარი გადმოვლახე და ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში „კარანტინს“ გავდივარ.
ეს ამხელა შესავალი ისრაელის და საქართველოს სახელმწიფოების კარანტინის შესაფასებლად დამჭირდა. ერთის მონაწილე ვიყავი, მეორით ამჟამად ვსარგებლობ.
საკუთარი თვალით დანახული სულ სხვაა, გაცილებით სანდო.
ისრაელი მრავალმილიონიანი ასაფეთქებლად გამზადებული „დანაღმული კასრის თავზე სიფრთხილით მჯდომი“ ჩემთვის უსაყვარლესი ის ქვეყანაა, რომლისადმი ობიექტურობა გამიჭირდება რომ არა „შენ ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ სიმართლე უფრო დიდი მეგობარია“… არც შედარებას ვაკეთებ და არც ვინმეს კრიტიკას ვისახავ მიზნად, ამის არანაირი საჭიროება არ არის. მხოლოდ მინდა ვთქვა:
ყოჩაღ, საქართველო!
ისრაელი მიუხედავად „მოზანზარე“ პოლიტიკური მდგომარეობისა სტაბილური, ძლიერი, საკუთარი თავის და მსოფლიოს უდაოდ უჭვკიანესი და უმდიდრესი თანამემაულეების იმედად მყოფი სახელმიწოფოა. საქართველო რუსეთის „ბრძნული“ პოლიტიკის მსხვერპლი, დანაწევრებული, დაჯიჯგნილი, გაურკვეველი შინაურებითა და გარეულებით, „უმოყვრებოდ დარჩენილი“ პატარა სამოთხე, რომლის დასტაბილურებას საშველი არ დაადგა…

Loading…

იქნებ წვრილმანებისგან შედგება პოლიტიკაც… ჩემთვის ძნელი სათქმელია. როცა რამე ძალიან მომეწონება, ვფიქრობ, იქნებ ვიღაცას… ხომ გახსოვთ: „ვიღაცას მღვდელი მოსწონს, ვიღაცას კიდევ მისი ცოლი — ფოფოდია“… მაგრამ იმის დამწუნებელი, რაც მე დღეს საქართველოს საზღვარზე ვნახე ნამდვილად არავინაა:
თურქეთის საზღვარზევე ისე მშვიდად აუღლვებლად გაგვანაწილეს, სამშობლოსთან შეხვედრის სიხარული ცრემლების მოგვრამდე გამიძლიერდა… იმ ცრემლებზე სტამბულის თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე თელავივის ბენგურიონის სახელობის აეროპორტში რომ ვღვარე, ცალკე საუბრის თემაა: ის მადლიერების ნიშნად იყო… აქ კიდევ აღტაცების…
ჩვენი ხალხი სულ სხვაა, ყველასგან განსხვავდება და სულაც არა იმიტომ, რომ ჩემები არიან. ეს ობიექტურობის გრძნობას ვერ დამაკარგვინებს… დილადარიანია ღიმილიანი საქმიანი ახალგაზრდა ქალები და კაცები შუშების იქიდან ჯერაც მხნედ და ხალისიანად გამოიყურებიან. საღამოს ალბათ ძალიან დაიღლებიან… მე და გიორგი ბიბილაშვილს სხვებისგან განსხვავებით მძიმე ტვირთი არ გვაქვს, თან წინა რიგებში ვდგავართ… პოლიციელი მამუკა დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს და თითოთითოდ მიაცილებს „საპასპორტო კონტროლამდე“… მშვიდად ველოდებით. ჩვენს უკან მძიმე ხელბარგებიან ქალბატონების წუხილი მესმის: ამ ქალს ძალიან უჭირს სიარული, იქნებ გაგვეტარებინა… ფრთხილად ამბობენ. სწრაფად ხელს ვაშველებ სიმწრით მომავალ არცთუ ხანშიშესულ მაგრამ სახეზეფერმიხდილს, მის ტვირთს ცალკე მივათრევ… ერთად ხართ? — მეკითხება პოლიციელი მამუკა. — არა, ახლავე დავბრუნდები, მხოლოდ მივაცილებ… ვეუბნები და „კონტროლის“ პუნქტთან სკამზე დაჯდომაში ვეხმარები აზერბაიჯანელ ქალბატონს, რომელსაც გოგონები დაუყოვენებლივ უმზადებენ სათანადო ქაღალდებს… უკან დაბრუნებულს „ჩემი პოლიციელი“ მეუბნება: ქალბატონო, აიღეთ თქვენი ნივთები და წამობრძანდით… ისედაც ჩემი რიგია, მაგრამ მადლიერი ვრჩები… ფერდაკარგული ქალბატონი ისე გაურკვევლად ამბობს საქართველოში საკუთარ მისამართს რომ, მგონი პირველად ასახელებს, ვხვდები რისი თქმაც უნდა და ვეუბნები „კონტროლის“ გოგონებს: იორ-მუღალო — მარნეულის რაიონი… ხელმკლავგამოდებული გავდივართ… სკამზე ფრთხილად ვსვამ და უკვე სხვა პოლიციელის მზრუნველობას ვაწყდებით: მობრძანდით ქალბატონო… და ისიც ციმციმ აყავთ ავტობუსში… ვრჩები. ვზივარ და ვუყურებ საზღვარზე გადმოსულების სიით ხელში ავტობუსებზე ზვიად ცინცაძის გაწონასწორებულ ზუსტ მოძრაობებს, მოკლე განკარგულებებს… უკვე გაჭაღარავებული ახალგაზრდა ენერგიული კაცი მართავს „სიტუაციას“… როგორი „ქართული“ ბუნებრივი, უშუალო… საყვარელი მოპყრობაა ერთი შეხედვით რთული მოვალეობის შესრულებისას. გული სიხარულით მევსება. მგონი მშობლებს გვემართება ასე, როცა პატარა შვილები იმედიანად გვეგულება… დიახ. ასეა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ: ამ საზღვარზე ადამიანები იმედიანად შეიძლება იყონ.
რა პატარაა საქართველო და რა ბევრი დევნილი ყავს… ჩემი რაიონელი ქალბატონი მიზის თურმე გვერდით — ელისო ჭკადუა. 30 წელია თითქმის არაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. მართალია დიდხანს ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ შევხვდით, აღარ დავიკარგებით…
ავტობუსები ივსება და ადგილიდან იძვრება. რიგში მდგომ მიკროავტობუსში რამდენიმე ავდივართ. ნივთების დაბინავებაში გვეხმარებიან. შიმშილისგან სულისამოხდომამდე მისული წუთით არ ვდუნდები. ასე იცის მოჭარბებულმა სიხარულმა. უყურე ამ სამოცდაათი წლის ქალს… ასე გამოვიყურები, როგორც ჩანს, მაგრამ არ ვიბნევი არც მე: მძიმე შრომამ მომტეხა, თორემ მართლა სამოცდაათის ჯერ არ ვარ, ცოტა მიკლია… — ესენიც მშივრები და დაღლილები, ორ-სამქვეყანა გამოვლილები ჩემსავით ძლივს იხედებიან თვალებში და გარკვევით ვერაფერს ხედავენ, ხუმრობენ და ხალისობენ და: ყველა ჩვენთაგანი სიამოვნებით არის მზად კარანტინის გასავლელად.
სახლში პატარები მყავს, რა ვიცი რა მჭირს, მირჩევნია მშვიდად მივიდე შინ…
ჩემს ცხოვრებაში ეს თორმეტი დღე დიდს ვერაფერს შეცვლის…
საჭიროა, უნდა ვიყო. ვიცოდი, რომ უნდა გამევლო…
ქართველები
სულ სხვანაირები ვართ…ქართველები…
სასტუმრო „აიეტიდან“ „ციცინათელა“ — ბავშვთა გასართობი ცენტრი გარკვევით ჩანს, ჩვენს შორის არცერთი შენობა არ დგას და ვხედავ ციცინათელასავით როგორ ციმციმებს.
ეს საქართველოა, ჩემი საქართველო.
აქ როდი ვსუნთქავ მხოლოდ, აქ გვრძნობ, რომ ცოცხალი ვარ — ვცხოვრობ.
მადლობა ამ შეგრძნებისთვის და იმისთვის, რომ მადლიერების გრძნობა სიტყვის სათქმელად მიბიძგებს.

ქეთევან ჩემია, ქობულეთი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

იმედის ერთი ნაფლეთი — სითბო

9 ფაქტი იმისა, თუ რატომ არის აფხაზი ქართველი და აფხაზეთი საქართველო. ვისწავლოთ მართალი ისტორია

Joni Kvaracxelia

ზელენსკი — ზურაბიშვილი — რომელია თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო?!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი