ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუცია 20 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 24-მა ქვეყანამ.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.
ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.
paqtebi.ge
