ბრძოლის ილუზია

0
303

დღევანდელი მომენტის პარადოქსულობა შემდეგში მდგომარეობს: საქართველოს უახლეს ისტორიაში, ალბათ, არც ყოფილა ესოდენ სუსტი (არაპოპულარული) მთავრობა და, ამავე დროს, არცერთ ხელისუფალს არ ჰყოლია იმდენად კომფორტული ოპონენტები, ვიდრე დღეს…
გამოუვალობის დროს ადამიანი მიდრეკილია მოიტყუოს თავი და ბრძოლის ილუზია შეიქმნას. ილუზია კი მუდამ გამოფხიზლების კრახით სრულდება…
თვითდაბოლებაა – თან აღიარებდე, რომ დიქტატორი გმართავს და თან მისი არჩევნებით გაშვება გსურდეს. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა!
ეს ერთხელ, სულ სხვა პირობებში მოხერხდა – 1990 წლის 28 ოქტომბერს და კომუნისტური პარტია დამარცხდა. ვისაც დღეს ჰგონია, რომ ის ზვიად გამსახურდიაა და მოსახლეობის 90% მხარდაჭერის იმედი აქვს, ის, რბილად რომ ვთქვათ, გაამაყებული ბრიყვია…

Loading…

ქართული არჩევნების გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის – ბელადის დამარცხება მხოლოდ ფართო მასების ქუჩაში გამოყვანით შეიძლება – სხვა გზა, უბრალოდ, არც არსებობს.
ჩვენ მასის სიბნელისა და გამყიდველობის ზღაპრით ვტკბებით და გაჭირვებული ადამიანების გაკიცხვით ვიმაღლებთ თვითშეფასებას. არადა, ხალხი ყველაფერს ხერხემლით გრძნობს – ამ ინტუიციით არის ის ბრძენი და ბოლოს და ბოლოს, მუდამ მართალი.
მასების მხარდაჭერას კი არა ზემოდან ყურება, არამედ მორალური უპირატესობა სჭირდება, რაც, თავის მხრივ, ორი თვისებით მიიღწევა: წესიერება და თავდადება.
ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია… თუ ხალხმა არ დაინახა, რომ ბოლომდე წამსვლელი ხარ – არათუ ციხის არ გეშინია, არამედ სიცოცხლესაც კი გაწირავ, ხვალ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი არ დაგიდგება. სწორედ ამ უპირატესობით გაიმარჯვეს ზვიადმა და მერაბმა. თუ შენ მორალურად ოდნავ სჯობიხარ მოწინააღმდეგეს და მასზე მეტი წიგნი გაქვს წაკითხული – ეს ხალხს არ აინტერესებს, რადგან ამის გამო შენ უკვე დღეს უკეთესად ცხოვრობ. მოკლედ, ელიტური კუტოკის კონფორმისტები ბანდიტებთან და მექრთამეებთან ომებს ვერ იგებენ, მხოლოდ თავგანწირული იდეალისტები და განრისხებული ხალხი…
ამიტომ აღვნიშნე დასაწყისში, რომ ამაზე სასურველ ოპოზიციას ხელისუფალი ვერც ინატრებს. ბელადის მთავარი არგუმენტიც ხომ ასეთია: ,,შენ ჩემზე უკეთესი არ ხარ და რატომ უნდა მომიგო?“…
ახლა ბანკირი ,,კურთხევასაც“ მიიღებს, ,,ეკლესიურებთან ერთად შუასაც გაკრიფავს“, ,,თბილისსაც წაიყვანს, ძმაო!“ და ,,მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიასავით“ დამაამებელი გამარჯვებაც მოვა… დადგება ბელადთან საპარლამენტო სიამტკბილობის ათასწლოვანი ხანა…
ბრძოლის ილუზია კრახით სრულდება ან… მოჩვენებითი (სუროგატული) გამარჯვებით… მთავარია, არ იყოს ბუნტი!

P.S.
ასეთი ნაზი და მშვიდობიანი გზით არჩევნებამდე მისვლა დაგეგმეს კომფორტზე შერყეულმა გოგო-ბიჭებმა – მათ თავისი ილუზია აქვთ, რადგან ასე აწყობთ… მთავარს კი არავინ ითვალისწინებს – ისტორია, ხალხი არ ემორჩილება კანონებსა და გათვლებს… წინა წერილშიც დავწერე – ასე ეგონათ ცხონებული ედურად ,,ბაბუს“ ბოლო წლებშიც, მაგრამ არ გამოვიდა – მასების მრისხანების სტიქიამ… აღარ გავიმეორებ…
თუ გულს დაეპატრონა კუჭი, კეთილი სრაფვანი იქნება ფუჭი…

ზურა ოდილავაძე

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ