რეჟიმის ტყვე რეზო კიკნაძე სასამართლო პროცესზე ემოციურად საუბრობს იმ შინაგან ტრანსფორმაციაზე, რომელიც მის დაჭერამდე და მის შემდეგ განცდილი გზით მიიღო. კიკნაძე საკუთარ ცხოვრებას ბერგმანის ფილმის პერსონაჟს ადარებს და ამაზე არაორდინარულად საუბრობს.
„ბერგმანს აქვს ერთი ასეთი ფილმი — მეშვიდე ბეჭედი ჰქვია,“ — ამბობს რეზო კიკნაძე თავის სასამართლო პროცესზე. „თვითონ ფილმის სიუჟეტი შეიძლება მოსაწყენი იყოს, მაგრამ იქ არის ერთი ასეთი კითხვა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ სიუჟეტს.“
ფილმი ეხება კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება ფულის გამო იბრძვის. ერთხელ მასთან ეშმაკი მიდის და სთავაზობს: „ჭადრაკი ვითამაშოთ — თუ მომიგებ, 5 წლის მერე მოვალ, თუ კი მე მოგიგებ — ახლავე წაგიყვანო.“
5 წლის შემდეგ ეშმაკი უბრუნდება კაცს და ეკითხება: „გადავადებამ რამე მოგცაო?“ პერსონაჟი ფიქრდება, მაგრამ აცნობიერებს — ამ ხუთ წელში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ღირდა, რაც დაუტოვებდა კვალს ან მადლიერებას გამოიწვევდა. ცხოვრება – უაზრო აღმოჩნდა.
პირადული პარალელი
„მეც ხშირად მიფიქრია ამაზე გარეთ ყოფნისას,“ — ამბობს კიკნაძე. „შარშან ვიქნებოდი, იმის წინ თუ ახლა — აზრი ჰქონდა რაიმეს? და პასუხი იყო უარყოფითი… 6 დეკემბრამდე.“
6 დეკემბერი — დაჭერის დღე — იქცა გარდატეხის წერტილად. კიკნაძე ამბობს, რომ სწორედ ამ დღიდან დაიწყო ნამდვილი ცხოვრება. “მას შემდეგ, რაც დამიჭირეს, იმავე კითხვაზე — გადავადებამ რამე მოგცაო — დღეს კი ვუპასუხებდი. იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. იმ შვიდი თვის გამო, რაც აქ გავატარე, ღირს ჩემი ცხოვრება. აქამდე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი უაზრო იყო. ახლა კი — მაქვს ხედვა. მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ვალი, რაც დაბადებიდან მქონდა, გარკვეულწილად მოვიხადე ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“
„ბრძოლა ახლა იწყება“
კიკნაძის თქმით, სწორედ ამ შვიდ თვეში იგრძნო საკუთარი სიცოცხლის და თავისუფლების ჭეშმარიტი ფასი. ახლა მას სჯერა, რომ მისი ადგილი ბრძოლაშია, და სწორედ იქ ჰპოვებს ის აზრსა და მიზანს.
„გაჩერებას არ ვაპირებ. ბრძოლა ახლა იწყება,“ — თქვა მან პროცესის დასრულებისას.
P.S. რეზო კიკნაძე ამ ეტაპზე ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა იმ ადამიანებისთვის, ვინც პირადი ტრაგედიითა და თავგანწირვით ცდილობს თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის დაცვას საქართველოში.
