დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, XXI-ე საუკუნის ივერია რასობრივი დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკ ფორმაციაში – აპარტეიდში ცხოვრობს. აპარტეიდი კი, საერთაშორისო დანაშაულია, რომელიც მიზნად ისახავს შავკანიანთა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან იზოლირებას. ჩვენშიც ადამიანები დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად: დასაქმებულ ,,თეთრკანიან“ რასად, ანუ ბელადის პირუტყვებად – 20% და ,,ზანგებად“ – 80%. ,,ზანგების“ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები კი მხოლოდ კონსტიტუციის ფურცლებზე ცოცხლდებიან…
ქართული სახელმწიფო წლიდან წლამდე არჩევნებით სულდგმულობს. გაბატონებული რასის ერთადერთი მიზანია – ძალაუფლებისა და მაღალი ხელფასების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება. მეორეხარისხოვანი მოსახლეობის 80% ბატონებისთვის არც არსებობს – ,,ზანგები“ გადარჩენისთვის ვიბრძვით და უზენაესი ბრძანებით შეგვიძლია, ან თანდათან დავიხოცოთ, ან ქვეყნიდან გავაჯვათ!
,,შავკანიანები“ იძულებულნი ვართ, მესიანიზმის მანიით შეპყრობილი მანიაკის ნება-სურვილით ვისუნთქოთ, რასაც ,,სუსი”, შსს და პროკურატურა უზრუნველყოფს. ,,სუსი“ გახლავთ ჩვენი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ჭეშმარიტი დირიჟორი!
ქვეყანაში მხოლოდ სამი სისტემა მუშაობს ეფექტურად – პროპაგანდა, დაშინება და მოსყიდვა. უშუალოდ არჩევნებისთვის კი საქმეში კოორდინატორთა სახელოვანი დივიზიებიც ერთვებიან.
ასეთ სეგრეგაციაზე მართლაც არ მსმენია! ცნობილია – სოციალური სტაბილურობისთვის აუცილებელია, უმაღლესი ფენის შემოსავლები არ აღემატებოდეს ყველაზე დაბალი ფენისას 5-6 ჯერზე მეტად. ჩვენში კი მხოლოდ ხელფასით ზედა ფენა 50– 60 ჯერ უსწრებს ქვედას! ცხადია, 200 ლარიანი ,,ზანგი“ მუდამ რევოლუციის იდეით იქნება შეპყრობილი და ეცდება, 10 000 ლარიანი ბატონი ჩამოაგდოს. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ივერიაში მდიდრები სძულთ – ეს დამშეული ,,ზანგების“ სრულიად სამართლიანი უფლებაა…
დღეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბელადმა კვლავ გააცოცხლა ,,კლასობრივი ბრძოლის გამწვავების“ კონცეფცია. მიდის კომუნიზმის ბოლო სტადიის დამყარების ,,საბოტაჟნიკების“ გამოაშკარავება! სიძულვილის გამაყრუებელი პროპაგანდა და დაუჯერებელი, აბსურდამდე მისული სიცრუე! ,,ჩანერგილი ნაცები“ და ,,ნაცებთან“ გათანაბრებული მრავალრიცხოვანი მტრები ბელადის პირუტყვს არ აცლიან მშვიდად ცოხნას – ეს პროვოკატორები და მავნებლები!
მითების შექმნის მთელი ინდუსტრია მუშაობს – ესაა დღეს სახელმწიფოს მთავარი საქმე! ბელადის დედაბოძი – ,,თეთრკანიანთა“ სამი ჯგუფია – დაობებული ელიტა, სამღვდელოება და ,,შავები“, ანუ კრიმინალი. შესაბამისად, სწორედ ეს, ,,სუსის“, ანუ ფსბ მიერ დაორგანიზებული სამი ჯგუფი აბრუებს მოსახლეობას სიძულვილით:
ფესვები – ნანა კაკაბაძის სალონი!.. (წარმოიდგინეთ, რა მომხიბვლელი სანახაობა იქნება – ფილოსოფიის პროფესორის, დიდი მწერლის, ტელევიზიის მეტრის, ისტორიის პროფესორისა და სხვა ადამიანური ნარჩენების პროკურატურის ზედამხედველობით საიდუმლო სერობა!);
– შალვა რამიშვილის საღამოები – ბოტებისა და ტროლების ჟღურტული;
– კოკა ყანდიაშვილის მეჯლისები…
– ლაშა ნაცვლიშვილის ,,ნადეჟდები“…
– ტკბილად მოუბართა სამების ,,ანალები“ – მამა შალვა კეკელიას, მამა ანდრია ჯაღმაიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ,,არ განიკითხოს“ ეპოქის დასრულებით გამოწვეული გოდება…
– პარლამენტართა თავლა – გაბრეჟნევებული ვოლსკი და გამპრავებელ კომკავშირელთა ,,აგიტბრიგადა“…
– სულ ზემოთ კენწეროში კი ბელადის ქურდული ,,სხადნიაკი“ – ნეტარი უჩა და სალოსი ვანო… ტელეფონზე მზადყოფნაში ყურებდაცქვეტილი – გახარია-თვალთხარია.
მთავრობა ხალხზე ზრუნავს – ბანდის სახელმწიფო ვერტიკალი მუშაობს…
ზურა ოდილავაძე