თითქოს აფხაზეთის საქართველოს ფარგლებიდან (თუნდაც, დროებით) გასვლა არ გვყოფნიდეს!
ნატო კორსანტია
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები ფაქტობრივად დადგენილია. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა მავანნი ამ ნორმებს არ დაგიდევენ და უხეშად არღვევენ. ამის დასტურად უამრავი მაგალითის მოხმობა შეიძლება, თუმცა ამჯერად ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვის — „აფხაზეთელი“ და ამ მახინჯი ფორმის დამკვიდრების მცდელობის გამო გვინდა, ჩვენი აღშფოთება თუ შეშფოთება გაგიზიაროთ.
ეს ის შემთხვევაა, როცა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევასთან ერთად ირღვევა უფლებებიც საზოგადოების იმ ნაწილისა, რომლისთვისაც სიტყვა ,,აფხაზეთელი“ — ეს გაუგებარი წარმონაქმნი — მიუღებელია, უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელი როგორც სიტყვის წარმოების, ისე მისი გაურკვეველი შინაარსის გამო. გასაგებია, რომ მისი მეტყველებაში შემოტანით, მავანნი ცდილობენ ერთი სიტყვით — ,,აფხაზეთელი“ ჩაანაცვლონ აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, აფხაზეთიდან გამოძევებული თუ აფხაზეთიდან გამოსული. ამასობაში კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ სიტყვით ანაცვლებენ ასევე ცნებას — აფხაზეთის მკვიდრი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში (და ზოგადადაც) როგორც პოლიტიკური, ისე ისტორიული და სამართლებრივი დატვირთვის მატარებელია.
ძალიან დასანანია, რომ ამ მახინჯმა ფორმამ (მას სხვანაირად ვერ უწოდებ) — ,,აფხაზეთელი“, ბოლო დროს ჟურნალისტების ერთი ნაწილის მეტყველებაშიც იჩინა თავი. ,,ჟურნალისტების მეტყველებას კი გადამდები ძალა აქვს და თუნდაც უნებლიე მიბაძვის საფრთხეს ქმნის“.
რჩება შთაბეჭდილება, რომ სიტყვა ,,აფხაზეთელის“ მეტყველებაში შემოტანით, მავანნი მიიჩნევენ, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით დასრულდა გარკვეული ეტაპი, რასაც უნდა შევეგუოთ და საზოგადოების ცნობიერებაში ამ ახალი რეალობის „შესატყვისი“ ახალი სიტყვა უნდა დავამკვიდროთ.
ამ თვალსაზრისით კი კაცობრიობის ისტორიაში არსებობს საოცარი მაგალითი, როცა ათასწლეულების განმავლობაში მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტილი ებრაელები საკუთარ თავს „ისრაელიდან გამოსულებს“ უწოდებდნენ. ისინი ათასწლეულების განმავლობაში სწორედ თავიანთი ბედის სიავეს — ,,ისრაელიდან გამოსვლას“ უსვამდნენ ხაზს, შესაბამისად, მასთან შეურიგებლობას, რაც იგულისხმებოდა, რომ აუცილებლად ,,ისრაელში შესვლით“ უნდა დასრულებულიყო. ასეც მოხდა…
აფხაზეთთან დაკავშირებით კი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! სულ რაღაც სამ ათეულამდე წელიწადში თვით აფხაზეთიდან გამოსულებს მობეზრებიათ საკუთარ თავს უწოდონ აფხაზეთიდან გამოსული, აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთიდან ლტოლვილი ან უბრალოდ –მრავლისმთქმელი აფხაზეთის მკვიდრი. ნაცვლად ამისა, რას ნიშნავს „აფხაზეთელი“, „აფხაზეთელები“? რა ახალი კონგლომერატია ეს — იმერლების, კახელების, რაჭველების, აჭარლების და სხვა კუთხეების წარმომადგენელთა გვერდით? ვინ არიან ეს „აფხაზეთელები“ — რა უნდათ ან რა დაჰკარგვიათ, საკუთარი სახელიც რომ არ შერჩენიათ და ახლა ეძებენ?!
„აფხაზეთი“, ბუნებრივია, სიტყვა ,,აფხაზისგან“ ’წარმოებული გეოგრაფიული სახელია. აფხაზები დღესაც აფხაზეთში ცხოვრობენ თურმე (ჩვენი წინაპარი აფხაზები პირისაგან მიწისა აღგვილან), ჩვენგან – აფხაზეთის ქართველებისგან კი, ვაგლახ, რომ მხოლოდ ,,აფხაზეთელებიღა“ დავრჩენილვართ. თავის დროზე ალბათ სწორედ ასე მოვეკიდეთ აფხაზობასაც, რაზეც ცნობილი კარდიოლოგი ნოდარ ემუხვარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ჩვენი გადაგდებული აფხაზობა სხვებმა დაიბრალეს“…
მომეტევოს, ასევე მახინჯი ფორმა, მაგრამ პირადად ჩემში სიტყვა „აფხაზეთელი“ „ნააფხაზეთელის“ თუ „ნააფხაზეთარის“ ასოციაციას იწვევს. ადამიანისა, რომელიც უკვე ცხოვრობდა, იყო აფხაზეთში, ახლა აღარ არის და აღარასოდეს იქნება…
სიტყვა „აფხაზეთელით“ გამოწვეული აღშფოთებისა თუ შეშფოთების გამოხატვა, ცხადია, ამით არ ამოიწურება. თუმცა ამგვარი მსჯელობა არაფრისმთქმელია ენათმეცნიერთათვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ,,აფხაზეთელი“ უპირველესად, გრამატიკულად მიუღებელი ფორმაა და მის უარსაყოფად ისტორიული, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მიზეზების ძიება სრულიად უადგილოა.
ამასთან დაკავშირებით მოვუსმინოთ, თუ რას ამბობენ ენათმეცნიერები: თამარ ვაშაკიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი და ვახტანგ მაღრაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
თამარ ვაშაკიძე:
– ,,თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ თანახმად, -ეთ სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელებისგან სადაურობის სახელთა წარმოებისას ამოსავალ ფუძედ აღებულია მარტივი ფუძე, -ეთ სუფიქსის გარეშე: კარალეთი — კარალელი, ტბეთი — ტბელი, ფიტარეთი — ფიტარელი, ცხირეთი — ცხირელი, წოდორეთი — წოდორელი, თიანეთი — თიანელი.“ აფხაზეთის შემთხვევაში ასეთი სახელია აფხაზი.
— ხდება ხოლმე, როცა ისტორიული თუ სხვა პროცესებიდან გამომდინარე (მაგალითის ანალოგიით) გრამატიკულად გაუმართელებელი ესა თუ ის ტერმინი მკვიდრდება სალიტერატურო ენაში. რა შემთხვევაში ხდება ეს?
— ამგვარ შემთხვევებზე ბატონი არნოლდ ჩიქობავა იტყოდა ხოლმე: ,,ენამ სანქცია დაადოო“. მაგალითად, „დაღმართი“, რომელიც ფაქტობრივად მცდარი ფორმაა. უნდა ყოფილიყო „დამართი“. „აღმართის“ ანალოგიით მივიღეთ „დაღმართი“.
რაც შეეხება სიტყვას ,,აფხაზეთელი“, ეს ხელოვნური ფორმაა და ყოვლად დაუშვებელია მისი გამოყენება. უნდა ვთქვათ „აფხაზეთის მკვიდრი“.
ვახტანგ მაღრაძე:
— სუფიქსი -ეთ მიუთითებს კუთხის, სოფლის თუ ქვეყნის, ზოგადად – გეოგრაფიულ მდებარეობაზე: აფხაზეთი, კახეთი, მესხეთი, სვანეთი, იმერეთი, კოტიანეთი, უნგრეთი… მნიშვნელობა არა აქვს სახელი ქართული წარმომავლობისაა თუ უცხოური, -ეთ სუფიქსი არის ქვეყნის ან კუთხის სახელის მაწარმოებელი. მასზე -ელ-ის დამატება და თქმა კახეთელი, თუშეთელი, იმერეთელი, უნგრეთელი, ანუ – ორივე მაწარმოებლის დატოვება, შეუძლებელია. იგივე ითქმის „აფხაზეთელზე“, რაც ყოვლად მიუღებელი, უხეში ფორმაა.
მხოლოდ ერთ გამონაკლისს ხომ ვერ დავუშვებთ – „აფხაზეთელი“? მაშინ მესხეთელი, უნგრეთელი, ხევსურეთელი და ა. შ. საინტერესოა, მოეწონებათ იმათ, ვინც „აფხაზეთელს“ უჭერს მხარს? მაგ., კახეთში ცხოვრობენ ლეკებიც, აზერბაიჯანელებიც, უდებიც, ოსებიც, სომხებიც, ბუნებრივია, კახელებიც. ამ პრინციპით ყველას კახეთელები ვუწოდოთ?
განსაკუთრებით ჟურნალისტებს და ენათმეცნიერებს არ გვაქვს უფლება მცდარი ფორმები გამოვიყენოთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ მათი დამკვიდრების წინააღმდეგ.
P.S. როგორც ვნახეთ, „აფხაზეთელი“ გრამატიკულადაც მიუღებელი ფორმაა. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს“, სალიტერატურო ენის ნორმებს იმ ქვეყნისა, რომლის განუყოფელი ნაწილიც თავად აფხაზეთია.
ნატო კორსანტია