ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ დათა პაპას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“დათა პაპა.
ეს სახელი მგონი ყველამ იცის საქართველოში.
აინტერესებს ოკუპაცია თუ არა, დათა პაპა მაინც ყველას გაუგია.
აი ის პაპა, რომელიც მავთულხლართების იქეთ ცხოვრობს და ჯიუტად ოცნებობს ერთ მშვენიერ დილას ეს მავთულხლართები აღარ იხილოს თავისი სახლის წინ და კვლავ შეძლოს დაბრკოლების გარეშე თავის საყვარელ ხურვალეთში გადაადგილება.
ის დათა პაპა, ვისთანაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსული თითქმის ყველა ოფიციალური პირი ოფიციალური ვიზიტით მიდიოდა ხურვალეთში და მავთულხლართებიდან ხელს ართმევდა.
ის დათა პაპა, რომელიც ოკუპანტების ზეწოლის მიუხედავად, არ ცვლიდა ქართულ პასპორტს და ჯიუტად ელოდა დეოკუპაციას.
აი ის დათა პაპა, რომელიც ჩვენთვის საქართველოს სიყვარულის და სამოქალაქო წინააღმდეგობის სიმბოლოდ იყო ქცეული, აღარ არის.
დათა პაპა წავიდა.
მისი ოცნება კი ჩვენ უნდა ავასრულოთ.
ერთ მშვენიერ დღეს შენი სახლის წინ მავთულხლართები აღარ იქნება.
გპირდები.
მშვიდობით, დათა პაპა.”
