პროკურატურამ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაგვიანებით სამი დღის შემდეგ დაიწყო და ისიც მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. კერძო საუბრის უკანონოდ ჩაწერა ან მიყურადება ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რაც -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. კერძო საუბრის ტექნიკური საშუალებით მიღებული ჩანაწერის ანდა ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
გამოძიების დაწყების ვალდებულება გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლში, რომლის მიხედვითაც დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება, ხოლო ამავე კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებმა შესაძლოა მიიღონ ზეპირი, წერილობითი შეტყობინებით ან სხვაგვარი საშუალებებით. სხვაგვარი საშუალებები შეიძლება იყოს:
• ინტერნეტში გავრცელებული მასალა
• სატელეფონო შეტყობინება
• მასმედიაში გავრცელებული მასალა
• დანაშაულის ფაქტზე წასწრება
• პირის აღიარებით გამოცხადება
• სისხლის სამართლის პროცესის დროს გამოვლენილი
გარემოება
• ოპერატიული წყაროდან მიღებული ინფორმაცია
დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებები ამოუწურავია და ის შეიძლება მიეწოდოს საგამოძიებო ორგანოებს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ. ინფორმაციის მიღების ფორმა შეიძლება პირადი განცხადება, ზეპირსიტყვიერი შეტყობინება,სატელეფონო შეტყობინება, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ანონიმური შეტყობინება, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არა არიან გამოძიება დაიწყონ. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს შეიძლება მიაწოდოს ნებისმიერმა პირმა, რომელსაც ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს. მეტიც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მიხედვით დასჯადია დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
პროკურატურამ კი გამოძიება იძულებით დაიწყო მას შემდეგ რაც სამოქალაქო აქტივისტებმა ბერას ჩანაწერებზე გამოძიების დასაწყებად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია სახელისუფლო რგოლიდან წამოსულმა მესიჯებმა გამოძიების დაწყების უსაფუძვლობაზე.
უდაოა, რომ პროკურატურამ გააკეთა მინიშნება ჟურნალისტების და მედიის დასჯის კუთხით, ერთგვარი დაშინება, ხოლო უფრო ყურადსაღებ და საშიშ დანაშაულზე, რაც ჩანაწერის ირგვლი არსებულ სავარაუდო დანაშაულებრივ გარემოებებზე, რაცაა პრემიერ მინისტრის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის სავარაუდო ჩადენილ დანაშაულობებზე, გაკვრითაც არაფერი წამოსცდენია. რომელთა მიერ (სავარაუდოდ) ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულობების კვალიფიკაციაა ქვევით ჩამოთვლილ მუხლებში:
მუხლი 144,3. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა
1. პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
თ) შეკვეთით;
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუხლი 150. იძულება
1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუხლი 151. მუქარა
1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,
– ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა
სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
მუხლი 332. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
არ შეიძლება სახელმწიფოს მმართავდნენ კრიმინალები, სკოლის მოსწავლის დამტერორებელნი. თუნდაც ეს ინფორმაცია იყოს ვარაუდის დონემდეც.
ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართალმცოდნე