«პარლამენტში მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცების პროცესი.
პარალელურად კი ჩორჩანას ტყეში ამ წუთებშიც მიმდინარეობს სტაციონარული საგუშაგოს მშენებლობა. რა არის ჩორჩანას ტყე?
ეს არის ის ტერიტორია, რომელიც არასოდეს შედიოდა სამაჩაბლოს ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ეს არის ტყე,სადაც 4 საბადოა. 3 ტალკის და 1 სავარაუდოდ პემზის.
ამ წუთებში მიმდინარეობს ჩვენი მიწების ოკუპაცია და ამაზე არავინ საუბრობს. რა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება? რუსები ისევ, ამჯერად ომის გარეშე გვახევენ ტერიტორიებს და ამაზე არავინ არც კი საუბრობს!
თქვენ მოგმართავთ, მთავრობის წევრებო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებო! სად ხართ, რაყომ არ ხართ აქ, რატომ არ ჩამოდიხართ და არ დგებით ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ეხლა რუსები დგანან???? გვართმევენ არხეინად, უპრობლემოდ, თქვენ კი მშვიდად პარლამენტში ხართ და იქედან თითებს გვიქნევთ და ჭკუას გვასწავლით!!! ისტორიაში აუცილებლად შეხვალთ, არ იდარდოთ, მაგრამ შეხვალთ მოღალატეების და ქვეყნის გამყიდველების სახელით! ერი არ გაპატიებთ არასოდეს ამ საქციელს. ახალგორელები შველას ითხოვენ და თქვენ ყურსაც არ იბერტყავთ!!!
მთავრობის დამტკიცება კი არა, მთელი საქართველო უნდა მოდიოდეს აქ, ჩორჩანას ტყეში და აჩვენებდეს მთელ მსოფლიოს რომ ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას!
მაგრამ არა! გვირჩევნია თვალი დავხუჭოთ და ვიყოთ ვიღაც ეფემერული მესიის მოლოდინში, რომელიც ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს მაგივრად გააკეთებს, ჩვენ ტერიტორიებს ჩვენს ნაცვლად დააბრუნებს, ჩვენ კი ამ დროს სახლებში ვიქნებით გამოკეტილები და ამ დაბრუნების პროცესს ფეისბუკის მეშვეობით მივადევნებთ თვალყურს.
გუგუტიანთკარში დავთმეთ «5მეტრი»( ასე მითხრეს და მთხოვეს გუგუტიანთკარში, მოდი ეს 5 მეტრი დავუთმოთ რუსებს და იქნებ მეტი აღარ წაგვართვანო და 5მეტრის ნაცვლად ასეულობით მეტრი წაიღეს) და დღეს მივიღეთ ჩორჩანაში ასობით ჰექტარი!
რატომ არ ღელავთ მეგობრებო, შორია თბილისიდან და მაგიტომ?
ან არც გეცნობათ დასახელება «ჩორჩანა» და არც ერთ ჩორჩანელს, წაღვლელს, ატოცელს, კოდელს, აბანოელს და ჭვრინისელს არ იცნობთ და მაგიტომ?
ან გგონიათ რომ დღეს თვალს დავხუჭავთ, გავატანთ რუსებს ჩორჩანას ტყეს და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება? არა, არაფერი კარგად არ იქნება! ამ ტყის ჩაბარების შემდეგ არავის გაგიკვირდეთ ხვალ ნიგოზა-ყარაფილა-ხურვალეთთან ავტობანი გადაკეტონ ღორებმა!
ავტობანის დაკეტვაც ასე გადაივლის, «აბა რა ვქნათ, რუკები აქვთ და ხომ არ ვეომებით რუსებს?!».
ხოდა მაგ რუკებით ყაზბეგიც იქეთ არის, თრუსოც და გუდაურიც. გაგახარებთ, მცხეთასაც კი იპოვით იმ რუკებში და ბაკურიანსაც.
წარმოუდგენელია? არადა ესეა. თითქმის ყოველდღე ესე ხდება. მცირე მასშტაბით, რომელიც მუდამ იზრდება.
გვიანი იქნება.
დღეს თუ არ ვიბრძოლებთ ჩორჩანასთვის, ზეგ სახელმწიფო აღარ გვექნება.
აღარ გვაქვს ლოდინის და სახლში ჯდომის დრო!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!
პ.ს. ხო, «წყარო დამისახელეთ, საიდან იცი, ვინ გითხრა, დარწმუნებული ხარ რომ რუსები ეხლა იქ არიან?» და ასეთ კითხვებს არ ვიყოთ. ვიცი. ვნახე და მაგიტომ ვამბობ. დოკუმენტური მასალაც მაქვს.
წამზომი ჩართულია.»
დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშია»