“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე წერს.
„აპოკალიფსის ხუთი მხედარი“
ქართული ეკონომიკისთვის
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები, ფუნდამენტალური პრობლემები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ხუთ ძირითად ჯგუფად:
1. ბაზრის სიმცირე;
2. კონკურენტული გარემო;
3. სასამართლო სისტემა – სამართალი;
4. საკრედიტო რესურსებთან წვდომის სირთულე;
5. ტექნოლოგიები.
ყველა დანარჩენი პრობლემა ამ ხუთი ფუნდამენტური პრობლემის შემადგენელი ნაწილია. აქვე ცალსახად უნდა გამოვაცხადო, რომ მოცემულ ჩამონათვალში პირველი სამი – „ბაზრის სიმცირე“, „კონკურენტული გარემო“ და „სასამართლო სისტემა“ ყველაზე მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი და პირველხარისხოვანი პრობლემაა, რომელთა გადაჭრის გარეშეც დანარჩენ გამოწვევებთან ბრძოლა უბრალოდ აზრს კარგავს, ან ნაკლებად ეფექტური რჩება.
მიუხეადავად იმისა, რომ პირადად მე კორუფციის პრობლემას მივაკუთნებ მე-2 ჯგუფს, ანუ „კონკურენტულ გარემოს“, მაინც მინდა, რომ ეს პრობლემა ცალკე განსახილველ საკითხად გამოვიტანო, რამე თუ კორუფციამ საქართველოში ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ უკვე ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნის როგორც ეკონომიკას, ასევე ზოგადად სახელმწიფოებრიობას და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თითოეული მოქალაქის მომავალს.
მოცემული ხუთი ფუნდამენტური პრობლემის, გამოწვევის საფუძვლიანი განხილვა უნდა გახდეს ფართო პოლიტიკური სპექტრის ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი ამოცანა, რათა საარჩევნოდ გამოიკვეთოს არა მარტო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ პრობლემების გადაჭრაზე, არამედ ის კონკრეტული გეგმები და კონცეპტუალური ხედვები, რომლებიც მიმართული იქნება ამ ფუნდამენტური პრობლემების ეფექტიან გადაჭრაზე.
მე კი გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში თავად წარმოგიდგენთ ამ პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტურ გზებს.”-წერს დავით ნებიერიძე
