“ოკუპაცია გრძელდება.
ჩორჩანას ტყეში ოკუპაცია ჩვეულ საქმედ იქცა.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ უყურებს საზოგადოება მშვიდად უკვე სწრაფად მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რომელიც გააქტიურდა 23 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ქართულმა მხარემ ხაშურის რაიონის კუთვნილ ჩორჩანას ტყეში ჩადგა საგუშაგო.
რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, რუსოსური საოკუპაციო რეჟიმი შემოიჭრა დაახლოებით 1300 მეტრით ჩორჩანას ტყეში და დაახლოებითი შეფასებით ამ წუთისთვის ოკუპირებული აქვს 300 ჰექტარი ის ტერიტორია, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ვცდილობთ აქტიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩორჩანაში მიმდინარე საოკუპაციო პროცესთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაგვიკეტა ყველა მისასვლელი გზა ჩორჩანას ტყესთან, ასევე შექმნა ინფორმაციული ვაკუუმი მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით და ყველანაირად არიდებს თავს ჩორჩანაში არსებულ, ძალიან მძიმე ვითარებაზე საუბარს.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმყოფებით ატოცში, ვინაიდან ყველა სხვა დანარჩენ სოფელში ჩვენი გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი გახდა.
ერთადერთი გზა ჩორჩანაში ოკუპანტების საქმიანობის დასაფიქსირებლად და თქვენამდე ამ ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელი იყო მხოლოდ ჩვენი დრონის საშუალებით.
3 დღის წინ, ჩორჩანას ტყეში ფრენის შემდეგ, ბაზაზე დაბრუნებისას, მოგვიწია სოფელ ჭვრინისში ავარიული დაშვების განხორციელება.
როდესაც გადავწყვიტეთ დრონის დაშვების ლოკაციიდან აღება, პოლიციამ ახლოსაც არ გაგვაკარა. მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოგვცეს უფლება მივსულიყავით და მოგვეძებნა დრონი. სამწუხაროდ, დრონი ვეღარ ვიპოვეთ.
ჩვენ ჯერჯერობით მოკლებულები ვართ საშუალებას მოგაწოდოთ ფოტო-ვიდეო მასალა ჩორჩანის ტყიდან, თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მიწების ოკუპაცია შეჩერებულია.
ოკუპაცია გრძელდება, რუსოსები აქტიურად მუშაობენ ტყეში სტაციონარული საგუშაგოს მოსაწყობად, ძალიან დიდი ალბათობით მალე საოკუპაციო ხაზს ოკუპანტები ჩვენი საგუშაგოს თავზე გაატარებენ და ქართული მხარის პოსტი საოკუპაციო ხაზის შიგნით მოექცევა.
ამის შემდეგ კი შსს იძულებული გახდება გამოიყვანოს ჩვენი დანაყოფი და მოახდენს შესაბამისად საგუშაგოს დემონტაჟს.
ასევე, არსებობს პოტენციური საფრთხე იმისა, რომ ოკუპანტები დაიკავებენ სოფელ აბანოში მდებარე დოლომიტის საბადოსაც. აღნიშნული საბადო შესულია საოკუპაციო რეჟიმის “დასაბრუნებელი ტერიტორიების” სიაში.
მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მოითხოვოს ხელისუფლებისგან დეტალური ინფორმაცია ჩორჩანაში მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით.
ძალა ერთობაშია.”
დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”
