ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის – ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს.
„ოქტომბერში ახალგორში 70 წლის მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის ნებართვა არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების უფლება მკაცრად იყო შეზღუდული, 2019 წლის სექტემბრამდე მოსახლეობა მაინც ახერხებდა გამყოფი ხაზის გადაკვეთას. სექტემბერში დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები დაეხურა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის პოსტის გახსნით ახსნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე. „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, წამება ან სხვა სასტიკი, არაჰუმანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით სრულად არის აკრძალული. ასევე, მსგავსი დაკავებები თვითნებურია, არღვევს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. ამ გარემოებაში ორივემ, რუსეთმა და დე ფაქტო ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს, მას მიყენებული მორალური ზარალისთვის დაენიშნოს კომპენსაცია. ასევე, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არავინ გახდეს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.»