«ამერიკის მეგობართა კლუბის» მიერ გამართულ სოლიდარობის აქციაზე უკრაინის საელჩოსთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ

0
50

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინის საელჩოსთან «ამერიკის მეგობართა კლუბმა» რომლის პრეზიდენტიც გახლავთ ილია ზუკაკიშვილი, გამართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია. აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უკრაინელი ლტოლვილები, რომელთაც მუდმივ რეჟიმში დახმარებას უწევს ზემოთხსენებული ორგანიზაცია. ასევე «ამერიკის მხარდამჭერთა კლუბმა» არაერთხელ გაგზავნა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება. სოლიდარობის აქციას შემოუერთდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, კერძოდ: ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი. აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან მიიტანეს ყვავილები და ასევე უკრაინის დროშის ფერებში გამოჭრილი ანგელოზები. გთავაზობთ ილია ზუკაკიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვას რომელიც 24 თებერვალს სოლიდარობის აქციის დროს წარმოთქვა:
«2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, რომელიც უკრაინელი ხალხის და მთელი ცივილიზებული სამყაროს მეხსიერებაში ჩაიბეჭდება როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომის პირველი საათები.
დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა რაც ევროპის შუაგულში რუსეთმა დამოუკიდებელი უკრაინის წინაამღდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, რომელიც ამ წუთებშიც რუსული მძიმე საარტილერიო ბომბების მასირებული თავდასხმით გრძელდება. დღევანდელი დღე ყველაზე მტკივნეული დღეა თითოეული უკრაინელისთვის. ეს ის დღეა, რომელმაც ყველაფერი მკვეთრად შეცვალა და არასასიამოვნო რეალობის ახალ სამყაროში გადაგვაგდო.
ამ ერთი წლის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა ბევრი ტანჯვა, მწუხარება და შფოთი გამოიარა. უკრაინელი ხალხის მიმართ რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სისასტიკე, მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აუწერელია. პუტინის მიერ წამოწყებულმა გამანადგურებელმა ომმა ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის, მოხუცებისა და ბავშვების ყოველდღიური სიკვდილიანობა გამოიწვია. რუსეთის ბარბაროსულმა არმიამ 459 უკრაინელი ბავშვი უკვე გამოასალმა სიცოცხლეს და ეს მონაცემები არ არის საბოლოო.
როცა ყოველდღიურად ვხედავ თუ რა საშინელებებს ჩადის რუსი დამყრობელი, ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი რომ, პუტინი — ტირანი და ყველაზე საშიში ტერორისტია ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოში. როცა ვფიქრობ თუ რისი გადატანა უწევთ უკრაინელ ხალხს, მიჩნდება ტკივილის განცდა და უფრო მეტად მიმძაფრდება სიძულვილი რუსი დამყრობლების მიმართ.
პირადად ტირანმა პუტინმა და მისმა ტერორისტულმა ხელისუფლებამ, მილიონობით უკრაინელს აიძულა საკუთარი სახლების დატოვების აუცილებლობა, მაგრამ ამ მძიმე ტანჯვის მიუხედავად მამაცმა უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ყველას, რომ დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ღირებულებების, იდენტობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლებისთვის ბრძოლის ძალა ერთობაშია და ეს ძალა უფრო მეტია ვიდრე კრემლის ნებისმიერი დიქტატორის ნება. უკრაინელთა ერთიანობა, სიმამაცე და შეუპოვარი ბრძოლა რუსეთის სამხედრო აგრესიის წინაშე სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის.
სწორედ ამ რთულმა დღეებმა, მსოფლიოს ცივილიზებულ საზოგადოებას მოგვცა სოლიდარობის განცდა და შემთხვევითი არ არის რომ, 24 თებერვალს ომის წლისთავზე, ამერიკის მეგობართა კლუბმა უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვახორციელეთ სოლიდარობის აქცია, რომელიც მიეძღვნა რუსეთის ომის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი უკრაინელი ბავშვების, მოხუცებისა და ჯარისკაცების ხსოვნას.
ამავდროულად, ამ ღონისძიების მეშვეობით გვსურდა კიდევ ერთხელ დაგვენახებია ყველასთვის და მათ შორის პირველ რიგში საქართველოს რუსული ხელისუფლებისთვის თუ რა დამოკიდებულება აქვს თავისუფლების მოყვარულ ქართველ ერს მამაცი უკრაინელი ხალხისა და ჩვენი საერთო ღირებულებების მიმართ.
ასევე, დღევანდელი სოლიდარობის აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეგვეხსენებია საქართველოს რუსული ხელისუფლებისთვის თუ რა დიდი ბოროტების მომტანია ტირან პუტინთან პარტიული და ინდივიდუალური კოლაბორაცია.
და ბოლოს, ვფიქრობ გარდა სამხედრო მხარდაჭერისა ძალიან მნიშვნელოვანია არ შევანელოთ და უფრო მეტად გავაძლიეროთ მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ. დარწმუნებული ვარ სულ მალე, შეუპოვარი უკრაინელი ხალხი და მათთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო ვიზეიმემთ თავისუფლების მიწაზე გამარჯვებას, ვიზეიმებთ ტირანი პუტინის რეჟიმის და მისი სამარცხვინო არმიის დამარცხებას.
დიახ! რუსეთი ამ ომში უნდა ცალსახად და უპირობოდ დამარცხდეს!!!
დიდება უკრაინას ! დიდება საქართველოს და ცივილიზებულ მსოფლიოს!!!».

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ