პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დღეს იშლებიან და ხვალ, ექვს საათზე, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
„ყველას ვაჩვენეთ, რომ ვაჟკაცობაც გვაქვს, შეუპოვრობაც, ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გვიყვარს და ჩვენ მათგან განსხვავებით ვუფრთხილდებით, იმათაც ვუფრთხილდებით და ერთმანეთსაც. ყველა სველია აქ. ახლა რომ არ დავიშალოთ, ხვალ ვერც ერთი ვიქნებით საბრძოლოდ. მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად, როგორც შეგვეფერება ქართველებს, მებრძოლებს, წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ, ექვს საათზე, რუსთაველზე ვაჩვენოთ, რომ ამათი არავის ეშინია. ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა . რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, თუმცა სპეციალური დანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკის ნაწილი უკვე ტერიტორიიდან გაჰყავთ.
ცესკოს ეზოში მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია საპოლიციო ლენტით.